აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს დიპლომატიური მოლაპარაკებების განახლებისთვის შეზღუდულ ვადას აძლევს, თეირანმა ამ პერიოდში „გაერთიანებული წინადადება“ უნდა წარადგინოს. ამის შესახებ „სიენენი“ ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ადმინისტრაცია არ აპირებს ცეცხლის შეწყვეტის ვადის განუსაზღვრელი დროით გახანგრძლივებას.

როგორც „სიენენი“ წერს, დონალდ ტრამპის უახლოესი მრჩევლები მიიჩნევენ, რომ ირანის ხელმძღვანელობაში უთანხმოებაა – თეირანს ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული საერთო პოზიცია, რაც საბოლოო შეთანხმებას ხელს უშლის.

„სიენენის“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპის გუნდი აღიარებს, რომ შეერთებული შტატების მიერ დაწესებული საზღვაო ბლოკადის გახანგრძლივება მსოფლიო ეკონომიკაზე სულ უფრო მძიმე ზეგავლენას ახდენს.